ჭკვიანი სპეციალიზაციის სემინარების სერიის პირველი ონლაინ-შეხვედრა გაიმართა
27 ნოემბერი 2020
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ევროკავშირის ერთიანი კველევითი ცენტრის (Joint Research Center - JRC) ერთობლივი ძალისხმევით, ჭკვიანი სპეციალიზაციის (Smart Specialization) საკითხებთან დაკავშირებული სემინარების სერიის პირველი ონლაინ-შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს შესაბამისი სამინისტროების, იმერეთის (როგორც საპილოტე რეგიონის) და მისი მუნიციპალიტეტების, კვლევითი ინსტიტუტების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა გახსნეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კატალინ ჰერმანმა. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სტაბილურ და მზარდ ტენდენციას და ახალი მიმართულებების, მათ შორის რეგიონული პოლიტიკის, კიდევ უფრო განვითარების მიზნით ჭკვიანი სპეციალიზაციის პლატფორმის დანერგვის მნიშვნელობას.
სემინარის მონაწილეები გაეცნენ პოლონელი, ესპანელი და ფინელი ექსპერტების პრეზენტაციებს ჭკვიანი სპეციალიზაციის პლატფორმის დანერგვასთან დაკავშირებული გამოცდილების შესახებ.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი მიეძღვნა საქართველოში ჭკვიანი სპეციალიზაციის პლატფორმის დანერგვის მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებს და იმერეთის რეგიონის შესწავლის დოკუმენტის განხილვას.
სემინარის მომდევნო შეხვედრები 2 და 9 დეკემბერს გაიმართება. მასში საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად ბელარუსი და სომეხი კოლეგებიც ჩაერთვებიან.